ფისოს უყვარს გამოფენები

ბევრმა თქვენგანმა ისედაც იცით, რომ პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ვარ და შესაბამისად ხშირად დავდივარ გამოფენებზეც, ამ კონკრეტულ ვიდეოში მსურს რამდენიმე გამოფენის , რომელიც ბოლო დღეებში ვინახულე, მცირე კოლაჟი და მიმოხილვაც გაგიზიაროთ.

პირველი, ესაა ჯგუფური გამოფენა „ზაფხულის ფერები“ რომელიც ნამდვილად ამართლებს სახელს და რომელიც მხატვართა კავშირის საგამოფენო გალერეა ოპიზარში გაიმართა.

ესაა მეგი გვენეტაძის და მისი მოსწავლეების ერთობლივი გამოფენა.

სადაც გაერთიანებულია გრაფიკის,დეკორატიული გრაფიკის და მოხატული ტექნიკით შექმნილი სურათები და ინსტალაციები.

ამ გამოფენის ყველაზე საინტერესო ნაწილი ისაა რომ, სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები არაპროფესიონალები არიან ამ დარგში და არასოდეს ხატავდნენ აქამდე.

როგორც იცით, ჩემი ყველაზე საყვარელი ნაწილი გამოფენებისა თუ ლიტერატურული საღამოების, არის წითელი ღვინო…

თუმცა, არა პლასტმასის ჭიქებში….

მეორე გამოფენა რომელსაც ახლა დაგათვალიერებინებთ გახლავთ ბაია გალერეაში წარმოდგენილი ექსპოზიცია „კოლექტორი“ ,

რომელშიც გაერთიანებულია მეოცე საუკუნის ქართული კულტურული მემკვიდრეობა და ნამუშევართა უმეტესობა კერძო კოლექციიდანაა.  

ამ გამოფენაში მონაწილეობენ  ისეთი საამაყო მხატვრები როგორებიც არიან   დავით კაკაბაძე, ელენე ახვლედიანი, ლადო გუდიაშვილი, ფელიქს ვარლამიშვილი, კირილ ზდანევიჩი, ალექსანდრე ციმაკურიძე, მოსე თოიძე, სერგო ქობულაძე, კორნელი სანაძე, ნათელა იანქოშვილი.

აქ კუთხეში ჩემი საყვარელი ოლეგ ტიმჩენკოს ნიუც აღმოვაჩინე, რომელიც ჩემთვის ფერწერაში  სიშიშვლის ასახვის ერთ-ერთი იდეალური ნიმუშია.

რაც შეეხება მესამე გამოფენას ისიც ბაია გალერეის სივრცეშია განთავსებული, (თუმცა ვაკის ფილიალში)

ესაა ნინო მოსეშვილის პერსონალური გამოფენა  სახელწოდებით „5 ვიბრაცია“.

ვფიქრობ, გამოფენის სახელწოდება იდეალურადაა შერჩეული, ავტორის ყველა ნამუშევარს თითქოს გააჩნია  სწორედ ვიბრაცია, დინამიკა.

ის არ არის უსულო, თითქოს სუნთქავს, მოძრაობს, რაღაცას გელაპარაკება, თუმცა საკუთარ ენაზე.

შთამბეჭდავია ტილოების ზომა და ფერები.

მე პირადად, ჯექსონ პოლოკის ნამუშევრებთან ასოციაციებიც გამიჩნდა.

ვფიქრობ, ისევე როგორც პოლოკის ნამუშევრებში, ნინოსთანაც უმნიშვნელოა ფორმა…

რადგან ეს არაა უბრალოდ აბსტრაქცია,   ესაა აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი!

მას არ სჭირდება ფორმა! მთავარია ფერები და ის შინაგანი ეიფორია რასაც განიცდიდა მხატვარი სურათის შექმნის პროცესში და შემდგომ რასაც  განიცდის  დამთვალიერებელი მისი ზეგავლენით.

ფუნჯის სწრაფი, უხეში და შტრიხული მონასმები   იწვევს ემოციების გამძაფრებას და გულიც ექსპოზიციის ტალღაზე ვიბრირებს.

საბოლოო ჯამში, კარგი კვირა მქონდა!

დატოვე კომენტარი